„ქრისტიან-დემოკრატების“ შვედეთში ვიზიტი გრძელდება. პარტიის წევრებმა ლევან ვეფხვაძემ, მაგდა ანიკაშვილმა, გიორგი რუხაძემ და დელეგაციის სხვა წევრებმა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართეს.
პარტიის წევრებმა, სოციალური უსაფრთხოების მინისტრის პოლიტიკურ მრჩეველებთან, პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მდივანთან და მინისტრის მოადგილეებთან ერთად ჯანდაცვის სისტემის შვედური მოდელი დეტალურად განიხილეს. საუბარი ქვეყნის საოჯახო პოლიტიკას, დაავადებათა დაზღვევასა და ბავშვთა და ხანდაზმულთა სოციალური დაცვის სისტემასაც შეეხო.
ქართველი „ქრისტიან-დემოკრატების“ დელეგაციას შვედეთის „ქრისტიან-დემოკრატიული“ საერთაშორისო ცენტრი მასპინძლობს.
ვიზიტი პარტიათა შორის ოთხწლიანი თანამშრომლობის პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებში ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში პარტიული პროგრამის მომზადება, შვედური მოდელის ქართულ რეალობაზე მორგება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება იგეგმება.
