დავით გამყრელიძე - სააკაშვილმა ხმამაღლა უნდა განაცხადოს რომ პრემიერ-მინისტრობას არ აპირებს
დავით გამყრელიძე - სააკაშვილმა ხმამაღლა უნდა განაცხადოს რომ პრემიერ-მინისტრობას არ აპირებს
16:31 21.02.2012
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს პარლამენტში გამოსვლისას მკაფიოდ განაცხადოს, რომ  პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ–მინისტრობას არ აპირებს, რაც ამ თემაზე ატეხილ დისკუსიას საბოლოოდ დაუსვამს წერტილს. ამის შესახებ დავით გამყრელიძემ ITV-ს მედიაკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარების და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის გარანტი თავად უნდა გახდეს.
მედიაკლუბში სტუმრობისას, დავით გამყრელიძე მოახლოებულ საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების თემასაც შეეხო. მისი თქმით, გლეხს ერთი ჰექტარი მიწის დამუშავებისა და მოვლისთვის მინიმუმ 700–800 ლარი ესაჭიროება და 30 ლარიანი ვაუჩერების დარიგება მათთვის არაფერს ნიშნავს.
დავით გამყრელიძემ ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდა სოფლის მეურნეობის განვითარების და წახალისებისთვის დაუყოვნებლივ შეიქმნას საფინანსო ინსტიტუტი – სასოფლო ბანკი, რომელიც გლეხებისთვის საკუთარი მიწის გარანტიით სესხებს მიზანმიმართულად გასცემს.
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერის თქმით, ეს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას საშუალებას მისცემს დაამუშაოს მიწა და სასოფლო–სამეურნეო პროდუქცია აწარმოოს.

ბეჭდვა