მურმან დუმბაძე ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს
მურმან დუმბაძე ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს
12:49 24.05.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარე მურმან დუმბაძე საქართველოში მოქმედ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
როგორც მან „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა, გაერთიანების შემთხვევაში, არსებული ხელისუფლების შეცვლა უფრო ადვილი იქნება და საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გამარჯვებას უფრო ადვილად მოიპოვებს.
„ამიტომ მოვუწოდებ ყველას, მათ შორის, კოალიციას, „სახალხო კრებას“ და მის ირგვლივ გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიებს, ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, იფიქრონ დიდ გაერთიანებაზე“- განაცხადა დუმბაძემ და განმარტა, რომ გაერთიანებაში არ გულისხმობს ყველა პარტიის ერთ რომელიმე კოალიციაში თავმოყრას.
როგორც მან აღნიშნა, გაერთიანება ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებებსა და შეთანხმებულ მოქმედებას ითვალისწინებს.
„იქნება განსხვავებული ბლოკები, მაგრამ უნდა იყოს მოლაპარაკებები, მაგალითად მაჟორიტარების საკითხზე და სხვა. უნდა იყოს შეთანხმება და განსხვავებულმა პოლიტიკურმა ბლოკებმა ერთმანეთზე აუგი არ უნდა თქვან, ერთმანეთს არ უნდა დაარტყან, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე სულ 3,5 თვეა დარჩენილი“- განაცხადა დუმბაძემ.
მისი აზრით, „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იმსახურებს, რომ არამხოლოდ კოალიციის წევრი 5-6 პარტიის, არამედ, საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი იყოს.
როგორც დუმბაძემ აღნიშნა, ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლების ძირეული ცვლილებითაა დაინტერესებული, „ქართული ოცნების“ მიღმა რჩება, მათთან გაერთიანება უნდა მოხდეს.
„თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის ამაზე, მე, როგორც მისი წევრი და თანადამფუძნებელი, ვემორჩილები კოალიციის წესდებას და ამ შემთხვევაში, მხოლოდ უმცირესობაში აღმოვჩნდები. თუმცა, აზრის შეცვლა მაინც გამიჭირდება, რადგან რეგიონში სიტუაციას კარგად ვხედავ, უამრავ ადამიანს ვხვდები, მათი აბსოლუტური უმრავლესობა გაერთიანებას ითხოვს“- განაცხადა დუმბაძემ.
მისივე განცხადებით, ის 26 მაისს „სახალხო კრების“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე აუცილებლად მივა და სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისსაც დაესწრება. როგორც დუმბაძემ აღნიშნა, 27 მაისს „ქართული ოცნების“ ხალხმრავალ მანიფესტაციაშიც მიიღებს მონაწილეობას .

ბეჭდვა