ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველო-ამერიკის პარტნიორობის 20 წლისთავის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი
მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
სააკაშვილი რონალდ რეიგანის საქველმოქმედო ფონდში სიტყვით გამოვიდა და რეიგანის მიერ მსოფლიო პოლიტიკაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა.
20-წუთიან გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში ბოლო წლებში შემოღებულ ინოვაციებზეც გაამახვილა ყურადღება.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, შემთხვევითი არ არის, რომ რონალდ რეიგანის ძეგლი საქართველოს დედაქალაქის ცენტრში დგას.
„მისი ხედვა იყო ჩვენი მეგზური და რწმენა ჩვენი თაობისთვის, რომ ყველაფერი შესაძლებელია. საქართველო უფრო მეტი გახდა ვიდრე ქვეყანა. ჩვენს რეგიონში ის არის იდეა. ჩვენს პრობლემატურ რეგიონში საქართველო დემოკრატიის განვითარების ბრწყინვალე მაგალითია“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში ხალხი ფიქრობდა, რომ მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდათ. პირველი 90-იანი წლების რუსეთის მსგავსად ქაოსი იყო. მეორე ალტერნატივა კი - ის მეთოდია, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დაამკვიდრა.
„ეს არის ავტორიტარული მმართველობა, კორუფცია, დანაშულებრივი დაჯგუფებები, რომლებსაც მხოლოდ თვითონ აკონტროლებს. საქართველომ აჩვენა, რომ მესამე გზა არსებობს. ეს დემოკრატიული ღირებულებების გზაა“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილმა რონალდ რეიგანის ფონდის დირექტორ ჯონ ჰეიბუშთან ერთად, ორგანიზაციის შენობა დაათვალიერა.
