ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი რიგით 23-ე შეხვედრა ხვალ გაიმართება.
ინფორმაცია „ნიუსპრესთან“ საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმაც დაადასტურა.
„ეს იქნება არსებულ ვითარებაზე და პრობლემებზე სტანდარტული შეხვედრა. განსაკუთრებულს ამ შეხვედრიდან არაფერს ველით“ - განაცხადა მან.
მისივე თქმით, შეხვედრას სავარაუდოდ, ჩაშლის საფრთხე არ ემუქრება და ის გეგმის მიხედვით გაიმართება.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთო-ს ხელშეწყობით, 22-ე შეხვედრა დაახლოებით ერთი თვის წინ გაიმართა.
ეუთო-ს ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, გასულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისინი მომავალ შეხვედრაზე ერთმანეთს ინფორმაციას ომის შემდგომ დარჩენილი ნაღმებისა და სხვა ნარჩენების შესახებ მიაწვდიდნენ.
ასევე, მათ კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს მომხდარი დაკავებებისა და ინციდენტების შესახებ იმსჯელეს. მათ შორის, სოფელებში ზემო და ქვემო ნიქოზში სროლის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან გამაფრთხილებელი ნიშნების დაზიანების ფაქტებიც განიხილეს.
