საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტის პირველი სხდომა ბრიუსელში გაიმართა.
სხდომაზე მხარეებმა სოციალურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და ახალგაზრდობის, კულტურის, საინფორმაციო საზოგადოების, აუდიოვიზუალური, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებზე იმსჯელეს.
ქართული მხრიდან სხდომას საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თეა ახვლედიანი ხელმძღვანელობდა, ხოლო ევროპული მხრიდან - ევროკავშირის საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის წარმომადგენელი ჩეზარე დე მონტისი. სხდომაში საქართველოს შესაბამის უწყებათა, ევროკომისიისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ქვეკომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით არსებული ვითარება განიხილეს და თანამშრომლობის გზებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.
მხარეებმა ყურადღება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებსა და საზოგადოების ინფორმირებულობის აუცილებლობაზე გაამახვილეს.
საგარეო პოლიტიკური უწყების ინფორმაციით, ევროპული მხარე საქართველოს მიერ მთელ რიგ სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს.
სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის ქვეკომიტეტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთი ინსტიტუციური ფორმაა, რომელიც დეპარტამენტის დირექტორების დონეზე ტარდება.
ქვეკომიტეტი 2010 წელს, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე შეიქმნა.
