საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძისთვის კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით არ ისარგებლებს
და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მოულოდნელია.
კომენტარი „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებაზე დავით ბაქრაძემ დღეს გააკეთა.
პარლამენტის სპიკერის განცხადებით, საზოგადოება მთელი თვე ისმენდა განცხადებას, რომ ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, სიის პირველ ნომრობას, კარიერის გაგრძელებას და პრემიერ-მინისტრობას აპირებდა, თუმცა, ამ ყველაფერში ხელს მოქალაქეობის არქონა უშლიდა. მისივე განცხადებით, ახლა, როცა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო ცვლილებები, რომელიც ყველა აღნიშნულ პრობლემას ხსნის, ივანიშვილის პოზიცია 180 გრადუსით შეიცვალა.
„მინდა განვაცხადო, რომ არანაირი შეზღუდვა აღარ არსებობს. თუ ივანიშვილს სურს არჩევნებში მონაწილოება ან პრემიერ-მინისტრობა, ამის სრული უფლება აქვს. არანაირი შეზღუდვა მის პოლიტიკურ აქტივობაზე არ არსებობს“- აღნიშნა მან.
ბაქრაძის განმარტებით, მიიღებს თუ არა ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობას, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.
„ამ შემთხვევაში ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა არაკორექტული და არასწორია“ - აღნიშნა სპიკერმა.
როგორც ცნობილია, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილების თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ასევე ენიჭებათ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
ცვლილებების მიღების შემდეგ, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ცვლილებებს დაამტიცებს, ის არჩევნებში მონაწილოებას არ მიიღებს.
