საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს მოაწერს და უახლოეს დღეებში, გადაწყვეტილება ძალაში შევა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის წევრმა, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა.
„ეს ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალ პოლიტიკურ შესაძლებლობებს ხსნის. არავითარი ვეტო არ იქნება, პრეზიდენტი ხელს მოაწერს საკონსტიტუციო ცვლილებებს და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილება ძალაში შევა“ – განაცხადა დეპუტატმა.
ამასთანავე, წიკლაურიმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და მას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
„დასამალი არ არის, რომ გამოჩნდა პოლიტიკური ძალა, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და რომელსაც სოციოლოგიურ გამოკითხვებში ნაციონალური მოძრაობის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია. ამის შემდეგ ძალიან ცუდი იქნებოდა, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. ეს იყო ჩვენი პოლიტიკური ნება, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ამის შესაძლებობა მიეცეს“ – აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთანავე, წიკლაური მიიჩნევს, რომ ჩიკაგოს სამიტზე დაფიქსირებულმა საქართველოსადმი მხარდაჭერამ ივანიშვილის გუნდში შოკი მოახდინა.
უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საკონსტიტუციო ცვლილება დაამტკიცა, რომლის თანახმად 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ასევე ენიჭებათ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
ბიძინა ივანიშვლმა კი, გუშინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელზე ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით არ ისარგებლებს და სააკაშვილს მოუწოდა მას ხელი არ მოაწეროს.
