მაია ფანჯიკიძე - ივანიშვილის გადაწყვეტილების მიუხედავად, კოალიციის გეგმები არ შეიცვლება
მაია ფანჯიკიძე - ივანიშვილის გადაწყვეტილების მიუხედავად, კოალიციის გეგმები არ შეიცვლება
12:39 23.05.2012
საკონსტიტუციო ცვლილებების არ გამოყენებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გადაწვეტილების მიუხედავად, კოალიცია ქართული ოცნების“ გეგმები არ იცვლება.   ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და არჩევნებში მონაწილეობას „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ყველა პარტია მიიღებს.

მისი განმარტებით, კოალიცია და მასში შემავალი პარტიები არჩევნებში ერთ სუბიექტად იქნებიან წარმოდგენილი.

„ეს არის ის გეგმა, რაც აქამდე გვქონდა და ყველაფერი ამის მიხედვით გრძელდება. არაფერი შეცვლილა“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

გუშინ, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის სახელზე ღია წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ის ამ ცვლილებით არ ისარგებლებს. ცვლილებების თანახმად, ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის და თანამდებობის დაკავების უფლება ენიჭებოდა.

ბეჭდვა