ნინო კალანდაძემ ესპანეთში შეხვედრები გამართა
ნინო კალანდაძემ ესპანეთში შეხვედრები გამართა
10:01 23.05.2012
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა.
დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ხელმძღვანელობდა.
დელეგაციამ შეხვედრები ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროს საგარეო პოლიტიკის, გლობალური, მრავალმხრივი და უსაფრთხოების საკითხების გენერალურ დირექტორთან, სანტიაგო კაბანასთან გამართა. ისინი შეხვდნენ ასევე ესპანეთის სამეფოს კონგრესის დეპუტატებს, მმართველი სახალხო პარტიის წარმომადგენელს პედრო გომეს დე ლა სერნას და კონგრესის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის სპიკერს სოციალისტური პარტიის ფრაქციიდან ხუან მოსკოსოს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრებზე საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, საქართველო-ნატოს თანამშრომლობა და საქართველოში მიმდინარე პროცესები.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ესპანურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებისადმი.

ბეჭდვა