საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პენსიების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "სახელმწიფო პენსიების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფკავშირებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.
პროფკავშირების შეფასებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ბენეფიციარები იქნებიან მხოლოდ ასაკით პენსიონერები და მხოლოდ მათზე გავრცელდება სამედიცინო დაზღვევის ახალი პაკეტი. განსახილველი პროექტის სამუშაო ვარიანტში კი არ ფიგურირებენ სხვა ბენეფიციარები – მარჩენალდაკარგულები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და გაურკვეველია, პენსიებით მათი უზრუნველყოფის მექანიზმები.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისთვის მიუღებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მარჩენალდაკარგულების სამედიცინო დაზღვევის გარეშე დატოვება, განსაკუთრებით იმ სტატისტიკის ფონზე, როცა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მზარდია.
"საქართველოს პროფკავშირები იმედოვნებს, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ყველა ამ მოსაზრებას და ქვეყნის მოსახლეობის ერთ–ერთ ყველაზე მოწყვლად ნაწილს შესაბამისი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფს", - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.
