კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადება ადასტურებს, რომ მას არჩევნებში მონაწილეობის ეშინია - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის მოქმედებები და განცხადებები არათანმიმდევრულია.
როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, თავის დროზე ივანიშვილს ჰქონდა შესაძლებლობა სწორი გზით მიეღო საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ის ამ გზას არ დაადგა.
„იმის გამო, რომ გარკვეულწილად ჩიხი შეიქმნა, მას პარლამენტმა უფლება მიანიჭა არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, რაზეც ასევე უარს აცხადებს. გაუგებარია, რა უნდა ამ ადამიანს გარდა იმისა, რომ ხიდების ნგრევის გეგმებს აყალიბებს“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ბიძინა ივანიშვლმა დღეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელზე ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით არ ისარგებლებს და სააკაშვილს მოუწოდა, აღნიშნულ ცვლილებას ხელი არ მოაწეროს.
დღეს დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ასევე ენიჭებათ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
