ქდმ-ს ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის განცხადება 27 მაისისთვის ტემპერატურის ასაწევად ტაქტიკური ნაბიჯია
ქდმ-ს ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის განცხადება 27 მაისისთვის ტემპერატურის ასაწევად ტაქტიკური ნაბიჯია
19:28 22.05.2012
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, საკონსტიტუციო ცვლილებების გამოყენებაზე უარის თქმით ხელისუფლებას მეტად დაახევინოს უკან.

„ივანიშვილმა ან მისმა მრჩევლებმა ჩათვალეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანა ხელისუფლების უკან დახევაა და შესაძლოა თვლიან, რომ შეძლებენ მას მეტად დაახევინონ უკან. მე ამ ილუზიისგან დაცლილი ვარ. ხელისუფლება ამ მიმართულებით მეტს აღარაფერს დათმობს“-განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს.

თარგამაძე, ასევე, გამორიცხავს პრეზიდენტის მიერ ამ ცვლილებაზე ვეტოს დადებას და მიაჩნია, რომ მსგავსი აზრი გულუბრყვილობაა. მისი თქმით, ივანიშვილის განცხადება მისთვის მოულოდნელობის ეფექტის მატარებელი არ არის.

მისივე თქმით, „ქრისტიან-დემოკრატები“ კმაყოფილები არიან იმით, რომ ხელისუფლებას ეს ნაბიჯი გადაადგმევინეს და გამოიძებნა შესაძლებლობა, რომ ყველა ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეს.

თარგამაძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის დღევანდელი განცხადება 27 მაისის აქციისთვის ტემპერატურის ასაწევად ტაქტიკური ნაბიჯია.

ბიძინა ივანიშვლმა დღეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელზე ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით არ ისარგებლებს და სააკაშვილს მოუწოდა, აღნიშნულ ცვლილებას ხელი არ მოაწეროს.

ბეჭდვა