„სტერეო პლუსის“-ის თანამშრომლები მუშაობას ხვალიდან განაახლებენ
„სტერეო პლუსის“-ის თანამშრომლები მუშაობას ხვალიდან განაახლებენ
19:09 22.05.2012
ტელეკომპანია „პირველი სტერეოში“ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის შეხვედრა შედგა.
გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობაში განთავსებულ „პირველი სტერეოს“ ოფისში ტელეკომპანიის ყოფილმა დირექტორმა და თანამფლობელმა დავით ზილფიმიანმა და ახალი დირექტორის ვასილ კობაიძის წარმომადგენელმა გიორგი ყავლაშვილმა წარმოქმნილი დავის მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ყავლაშვილმა განუცხადა, ხვალ დილას ახალ ხელმძღვანელობას ტელეკომპანიის ოფიციალური დოკუმენტები ჩაბარდება, ასევე, ტელეკომპანია „პირველი სტერეო“ და „სტერეო პლუსი“ გაიმიჯნება, რომლებიც ამ დროისთვის კობაიძის მოთხოვნით დაყადაღებულია.
„იმედს ვიტოვებთ, რომ ხვალ დღის ბოლოსთვის სტერეო პლუსის“ თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნების საშუალება ექნებათ. რაც შეეხება სხვა სადავო საკითხებს, მათზე შეთანხმება ორ-სამ დღეში მოხდება“-განაცხადა ყავლაშვილმა.
შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი დავით ზილფიმიანმაც გააკეთა. მისი თქმით, მან შენობაში თავისი კაბინეტისა და ფინანსური განყოფილების ოთახები საკუთარი გასაღებით გააღო.
„მინდოდა შესვლა საეთერო სტუდიის ოთახშიც, რომელიც გუშინ გატეხეს და ეს ფაქტი ფარულმა კამერამაც დააფიქსირა, თუმცა, კარი ჩაკეტილი დამხვდა და მისი გაღება ჩემი გასაღებით ვერ შევძელი. შესაბამისად, არ ვიცი, რა მდგომარეობაშია იქ დაცული ტექნიკა“-აღნიშნა ზილფიმიანმა.
მისივე განმარტებით, ის „პირველი სტერეოს“ თანამფლობელად ისევ რჩება. რაც შეეხება ტელეკომპანიის დირექტორის პოსტს, ზილფიმიანმა განაცხადა, რომ კანდიდატის შესარჩევად მხარეებს შორის მოლაპარაკება დაიწყება.
ზილფიმიანმა თავისი თანამშრომლები „პირველი სტერეოს“ ოფისთან ხვალ 12:00 საათისთვის დაიბარა.

ბეჭდვა