საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ბიზნეს და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და არაბეთის მაჯლის აშ-შურას დელეგაციის წევრებმა.
ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში საუდის არაბეთის როლზე გამახვილდა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არაბი დეპუტატები შეხვედრებს თბილისის მერთან, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან გამართავენ. ასევე, დაგეგმილია ბათუმში ვიზიტი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელთან ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრა.
საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოდან 28 მაისს გაემგზავრება.
საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის აშ-შურას, არაბეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია.
