პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებას,
რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს ქვეყნის პარლამენტში არჩევის და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება ეძლევათ, უგუნურ გადაწყვეტილებას უწოდებს.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბიძინა ივანშვილის ღია წერილშია ნათქვამი.
წერილში აღნიშნულია, რომ მორჩილმა საპარლამენტო უმრავლესობამ არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და ცვლილებას მორჩილად აუწია ხელი.
„ამასთანავე, თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები კონსტიტუციური ცვლილებების მიზნად ასახელებენ ჩემთვის არჩევნებში მონაწილეობის საშუალების მოცემას, ხოლო მიზეზად - თქვენ მიერ ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქეობის ხელახლა მისაღებად ჩემ მიერ თითქოსდა არასწორი გზის არჩევას“ - ნათქვამია წერილში.
როგორც ივანიშვილი ღია წერილში აცხადებს, ხელისუფლება იძულებულია ანგარიში გაუწიოს საქართველოს მოსახლეობის და საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის ერთსულოვან მოთხოვნას - მომცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.
„თქვენ ვერ მოახერხეთ ჩადენილი შეცდომის - მოქალაქეობის ჩამორთმევის გამოსწორება ცივილიზებული, კანონიერი და ღირსეული გზით და ახალ, გაცილებით მძიმე შეცდომას უშვებთ. ამ ცვლილებების მიხედვით, თუ პირს, რომელიც ერთდროულად ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეცაა და საქართველოს მოქალაქეც, არ შეუძლია გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო თუ იგივე პირი უარს იტყვის საქართველოს მოქალაქეობაზე, მაშინ მას შეუძლია გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამგვარი აბსრუდი, მართლაც რომ პირველია მსოფლიოში“ - აღნიშნულია წერილში.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილება არის სახელმწიფოებრიობის და კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგო ისეთი ქმედება, რომლის პრეცედენტიც მსოფლიოში არ მოიპოვება.
„მეტიც, იგი თავისი სამართლებრივი არსით და პოლიტიკური კონტექსტით სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასია. კონსტიტუცია მართლაც ერთი პირისთვის და ერთი პირის გამო იცვლება, მაგრამ ეს ერთი პირი ვარ არა მე, არამედ ხართ თქვენ - სწორედ თქვენს პოლიტიკურ შიშებს შეეწირა ჩემი მოქალაქეობა და ახლა უკვე ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტი და პრესტიჟი თქვენსავე ბავშვურ ახირებას და პროპაგანდისტულ ხრიკებს ეწირება“ - მიმართავს ივანიშვილი პრეზიდენტს.
ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს, არ მოაწეროს ხელი აღნიშნულ ცვლილებას.
