ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ერთ-ერთ მფლობელსა და ყოფილ დირექტორს დავით ზილფიმიანსა და მოქმედი დირექტორის ვასილ კობაიძის წარმომადგენელს გიორგი ყავლაშვილს შორის დაგეგმილი შეხვედრა სავარაუდოდ, 18.00 საათზე დაიწყება.
ამის შესახებ დავით ზილფიმიანმა „პირველი სტერეოს“ ოფისთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყავლაშვილს ქუჩაში შევხვდი და ვკითხე რომელ საათზე მოვიდოდა „პირველ სტერეოში“ მოლაპარაკების მიზნით. მან მიპასუხა, რომ აქამდე შეხვედრა მოუცლელობის გამო, ვერ მოხერხდა და პირობა მომცა, რომ 6 საათზე აუცილებლად მოვა“-განაცხადა ზილფიმიანმა.
მისივე თქმით, ტელეკომპანიასთან დაგეგმილ შეხვედრაზე ის ყავლაშვილს ყველა შეკითხვას მედიის თანდასწრებით დაუსვამს.
„იმედი მაქვს, ჩვენი მოლაპარაკების შემდეგ, „პირველ სტერეოსა“ და „სტერეო პლუსში“ თანამშრომელთა შეშვება ეტაპობრივად მოხდება“-აღნიშნა მან.
ყავლაშვილს ტელეკომპანია „პირველ სტერეოში“ დღეს 16.00 საათზე ელოდებოდნენ.
ტელეკომპანიის ყოფილ და ახალ დირექტორებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ახალმა დირექტორმა ვასილ კობაიძემ გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობა სადაც „პირველი სტერეოს“ ოფისი მდებარეობს, კერძო დაცვის კომპანია „მგლების“ მეშვეობით დაიკავა და „პირველი სტერეოსა“ და „სტერეო პლიუსის“ თანამშრომლებს იქ შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევს.
