"რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია" - კერძო მაუწყებელში პოლიტიკური რეკლამა არ შეიძლება უფასო იყოს
"რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია" - კერძო მაუწყებელში პოლიტიკური რეკლამა არ შეიძლება უფასო იყოს
14:28 21.02.2012
"საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის" (GAღB) აზრით, "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში პოლიტიკური სუბიექტისთვის საეთერო დროის უფასოდ გამოყოფის შესახებ მუხლი არსებულ რეალობასთან შეუსაბამოა.
როგორც GAღB-ის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, "მაუწყებლის შესახებ" კანონი და "საარჩევნო კოდექსში" 2006 წლის ცვლილებებით მიღებული ჩანაწერი საარჩევნო სუბიექტებს არათანაბარ პირობებში აყენებს.
რეგიონული მაუწყებლების აზრით, კერძო მაუწყებელში პოლიტიკური რეკლამა არ შეიძლება იყოს უფასო, რადგან რეკლამის განთავსებისთვის ტელეკომპანია ატარებს შესაბამის სამუშაოებს, რაც ძალიან ძვირია. "ვერანაირი ჩანაწერი კანონში ვერ გახდის მას უფასოს, რადგან ამ დროზე დანახარჯია გაწეული",-აცხადებენ ასოციაციაში.
"საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ კანონიდან ამოღებული უნდა იყოს მუხლი უფასო პოლიტიკური რეკლამის შესახებ. მათი განცხადებით, ის უნდა იქცეს არა ვალდებულებად, არამედ რეგულირებად უფლებად, რაც გულისხმობს კერძო მაუწყებლის სურვილს - დაეხმაროს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და მხოლოდ ამ შემთხვევაში განათავსოს უფასო პოლიტიკური რეკლამა.
GAღB-ში ფიქრობენ, რომ სარეკლამო დროის უფასოდ გამოყოფა ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკური სუბიექტებისთვის თანაბარ პირობებს და უმრავლეს შემთხვევაში ხელს უშლის ტელეეთერით ამომრჩევლამდე წინასარჩევნო რეკლამის მიტანას. "საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია" აუცილებლად მიიჩნევს საკანონმდებლო შეუსაბამობების გასწორებას და მზად არის შესაბამის უწყებებთან ითანამშრომლოს.


ბეჭდვა