პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ერთხმად, 111 ხმით ნულის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა,
რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეობის მქონე საქართველოში დაბადებულ პირებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს.
ცვლილების თანახმად 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ასევე ენიჭებათ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
ცვლილებების დამტკიცებამდე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ მას უკანონო და ცალკეულ პიროვნებებზე მორგებული უწოდა.
„ეს ცვლილებები არის უკანონო, რადგან არ შეიძლება კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდეს ერთი ან ორი პიროვნების გამო. ეს ცვლილება შემოიტანეს „ქრისტიან–დემოკრატებმა“, თუმცა, ნაციონალების ინიციატივა იყო, რათა პრეზიდენტიბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოეყვანათ“ – განაცხადა ბაღათურიამ.
ამასთანავე დეპუტატმა აღნიშნა, რომ ცვლილებების პირველი ვარიანტით არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლეოდა პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ პოლიტიკურ მრჩეველს, ბიზნესმენ, მინდია გულუას და საქართველოში დაბადებულ ევროკავშირის სხვა მოქალაქეებსაც, თუმცა, საბოლოო ვარიანტით მათ ეს უფლება წაერთვათ, რაც ამ ცვლილებას დისკრიმინაციულს ხდის.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პალიკო კუბლაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ცვლილების შეტანით კონსტიტუციაში დასრულდება სპეკულაციები იმის შესახებ თითქოს ვიღაცას პოლიტიკური უფლებები იზღუდება.
საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს პირი 21 წლის ასაკიდან.
საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.
