პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ხელისუფლების ბოლოდროინდელ აქტიურობას ოპოზიციის დამსახურებად აფასებს.
როგორც ნაჭყებიამ დღეს, ზუგდიდში გამართულ ბრესკონფერენციაზე აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან რეგიონების მოსახლეობის პრობლემებზე რეაგირებასთან დაკავშირებით, პარტიის მცდელობამ შედეგი გამოიღო.
მისი თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ძალზე მწვავედ დგებოდა ე.წ. „ამერიკული პეპლის“ საკითხი, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს პრაქტიკულად „სტიქიურ უბედურებად“ ექცა.
„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებაში ჩვენი აქტიურობა „ამერიკული პეპლის“ წინააღმდეგ საქილიკოდ იქცა, ჩვენ კარგად ვხედავდით რამდენად აზარალებდა ეს მავნებელი მწერი მოსახლეობას. ამიტომ, ამ თემის აქტუალიზაცია მოვახდინეთ და ვაიძულეთ ხელისუფლება ფართომასშტაბიანი კამპანია წამოეწყო“ - განაცხადა ნაჭყებიამ.
მისივე თქმით, იგივე ეხება სოფლების ინტერნეტიზაციასაც, რომელიც „ახალი მემარჯვენეების“ წამოწყებული თემაა და ხელისუფლებამ ამას „კომპიუტერის გამავრცელებელი საზოგადოების“ შექმნით უპასუხა.
„ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გარკვეული ცვლილებები განახორციელა ბავშვების და ხანდაზმულთა დაზღვევის და ასევე, სოციალური დაცვის სფეროში, რაც თავიდან ბოლომდე ოპოზიციის დამსახურებაა, მაგრამ ეს ცვლილებები პრობლემას საბოლოოდ ვერ აგვარებს“ - აღნიშნა ნაჭყებიამ.
„ახალი მემარჯვენეები“ სოფლად მცხოვრები მოქალაქეების პრობლემების მოგვარების მიმართ ხელისუფლების ქმედებებზე მონიტორინგს დააწესებენ.
