პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" პროგრამულ დოკუმენტებზე მუშაობას იწყებს.
როგორც კოალიციის პოლიტიკური საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა, ნოდარ ხადურმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, პროგრამულ დოკუმენტებში კოალიციის ხედვები ყველა მიმართულებით დაკონკრეტდება და ის დეკლარაციაში გაცხადებული 12 პუნქტის საკითხებს უკეთ განავრცობს.
მისი თქმით, პროგრამული დოკუმენტების შემუშავება კოალიციის წევრებს ხალხთან სათქმელის მიტანის საშუალებას მისცემს, რაც მათი მხარდაჭერის მოპოვებასა და საბოლოოდ არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარებათ.
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზენტაცია დღეს გაიმართა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას კოალიციის პოლიტიკური საბჭოს წევრები წარუდგინა. საბჭოს თავად ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს, აღმასრულებელი მდივანი კი ნოდარ ხადური იქნება. პრეზენტაციაზე კოალიციაში შემავალი პარტიების ხელმძღვანელებმა 12 პუნქტიან დეკლარაციას ხელი მოაწერეს.
