„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ჩიკაგო-ს ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ 3 გზავნილს მნიშვნელოვანს უწოდებს.
როგორც ბაჩუკი ქარდავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ჩიკაგოს სამიტმა ნათლად დაგვანახა, რომ საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის რეალური შესაძლებლობა აქვს.
მისი თქმით, გზავნილებიდან ერთია ის, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიების ხელყოფას არ შეეგუება, ხოლო მეორე ის, რომ უკრაინის მხრიდან ნატო-ში სწრაფვის შენელების ფონზე იყო მოლოდინი იმისა, რომ საქართველო უკანა პლანზე გადაიწევდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
„მესამეა ის, რომ ნატო-ში გაწევრიანება ჩვენზეა დამოკიდებული. რის გამოც შეიძლება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება შეფერხდეს, ჩვენი თავი და ჭკუაა. ამ სამიტმა ნათლად დაგვანახა, რომ თუ საქართველო სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს, სტაბილური ქვეყანა იქნება და დემოკრატიულ რეფორმებს გააგრძელებს, ნატო-ს წევრობას ალტერნატივა არ გააჩნია“ - განაცხადა ქარდავამ.
მისი თქმით, ნატო-სადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სამი კატეგორია არსებობს.
„პირველი, არიან ნატო-ს მომხრე პოლიტიკური პარტიები, რომელთა შორისაა ედპ. არიან მისი მოწინააღმდეგე პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ძირითადად ჩრდილოეთზე და რუსეთზე არიან ორიენტირებულები და მესამე კატეგორიას ის პოლიტიკური პარტიები განეკუთვნებიან, რომლებსაც საგარეო ორიენტირი ან საერთოდ არ გააჩნიათ, ან გააჩნიათ, მაგრამ ნიღბავენ და ხმამაღლა არ აცხადებენ, რომ რუსეთზე არიან ორიენტირებულები“ - აღნიშნა ქარდავამ.
მისივე თქმით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების დიდი უმრავლესობა სწორედ ნატო-ს მოწინააღმდეგეა.
ბაჩუკი ქარდავას განმარტებით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემთხვევაში ნატო-სთან მიმართებაში საქართველო უკრაინას დაემსგავსება.
