გიორგი თარგამაძე –ჰილარი კლინტონის განცხადება საქართველოსთვის იმედის მომცემია
გიორგი თარგამაძე –ჰილარი კლინტონის განცხადება საქართველოსთვის იმედის მომცემია
14:30 22.05.2012
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ოპოზიციური ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი გიორგი თარგამაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებას, ნატო-ს გაფართოების აუცილებლობის შესახებ, ოპტიმისტურს უწოდებს.
ჩიკაგოში ნატო-ს ასპირატი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კლინტონმა განაცხადა, რომ ჩიკაგოს სამიტი უნდა იყოს ბოლო სამიტი, რომელზეც ალიანსის გაფართოება არ მოხდა და შემდეგ შეხვედრაზე გაფართოების საკითხის განხილვა უნდა მოხდეს.
„კლინტონის განცხადება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ოპტიმიზმის საფუძვლის მომცემია, როდესაც გაფართოებაზე მიდგება საქმე, თუნდაც 2 წლის შემდეგ, ბუნებრივია ისაუბრებენ იმ ქვეყნებზე, ვინც რიგში ვდგავართ, ანუ საქართველოსა და ბალკანეთის სახელმწიფოებზე“ – აღნიშნა თარგამაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, თარგამაძემ განაცხადა, რომ საქართველოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვს, რომელიც წარმატებით უნდა შეასრულოს, რაზეც პასუხისმგებლობა მთელ პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას ეკისრება.
მისი თქმით, საუბარია ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციასა და ეკონომიკურ განვითარებაზე, რასაც განსაკუთრებული კვალი 2012 და 2013 წლის არჩევნებმა უნდა დაატყოს.

ბეჭდვა