მანანა მანჯგალაძე - საზღვართან დაკავშირებული ყველა საკითხი კოლეგიალურ და მეგობრულ ატმოსფეროში მოგვარდება
მანანა მანჯგალაძე - საზღვართან დაკავშირებული ყველა საკითხი კოლეგიალურ და მეგობრულ ატმოსფეროში მოგვარდება
13:25 22.05.2012
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხი კოლეგიალურ და მეგობრულ ატმოსფეროში მოგვარდება.  ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ჩიკაგოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავით გარეჯის კომპლექსის ირგვლივ არსებულ პრობლემებს შეეხო.
„პრეზიდენტის დავალებით, ამ შეთანხმებიდან რამდენიმე საათში შედგა შეხვედრა ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების ხელმძღვანელებს შორის. მათ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საკითხის სრულ მოგვარებამდე ყველა სასულიერო პირს, მომლოცველსა და ტურისტს საშუალება ექნება მოინახულოს და მოილოცოს დავით გარეჯის კომპლექსის ის ნაწილი, რომელთან დაკავშირებით გარკვეული სახის პრობლემა წარმოიქმნა“-განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, 21 მაისიდან ამ რეჟიმში მუშაობა დაიწყო და გუშინდელი დღიდან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა, მათ ნახეს დავით გარეჯის ძეგლის სრული სახე, ის პრობლემური ადგილები, რომელზეც გასულ კვირაში იყო საუბარი.
„დარწმუნებულები ვართ ყველა საკითხი, რომელიც საზღვრის დემარკაციასთან არის დაკავშირებული მშვიდ კოლეგიალურ და მეგობრულ ატმოსფეროში მოგვარდება ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად“-აღნიშნა მანჯგალაძემ.

ბეჭდვა