იუსტიციის სამინისტროში ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს.
გამარჯვებულ არასამთავრობო ოგანიზაციებთან იუსტიციის სამინისტრომ ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
ტრეფიკინგის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას ორი ორგანიზაცია - ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი და ტრენერ პედაგოგთა კავშირი "ლამპარი" განახორციელებს.
როგორც "ნიუსპრესს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობის ინფორმირებას ტრეფიკინგის საკითხებზე, მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებაზე მიმართული მექანიზმების, აგრეთვე ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობებზე, რაც ხელს შეუწყობს ტრეფიკინგის პრევენციას.
კონკურსი ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად იუსტიციის სამინისტრომ 2012 წლის 5 იანვარს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა ექვსმა აპლიკანტმა მიიღო. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ გამარჯვებულები საგრანტო საბჭომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა.
გამარჯვებულ არასამთავრობოებს საინფორმაციო კამპანიის წარმოებისთვის გრანტის სახით 5000 ლარი გადაეცათ.
