მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტს აგრძელებს
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტს აგრძელებს
13:05 22.05.2012
ჩიკაგოს სამიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება.
პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრები ლოს-ანჯელესში გადაინაცვლებს.
მისი თქმით, პრეზიდენტი რეიგანის ცენტრში სიტყვით გამოვა და ფართო აუდიტორიას მიმართავს, სადაც წარმოდგენილი იქნებიან პოლიტიკური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები და ექსპერტები.
პრესსპიკერის ცნობით, ასევე გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება, სადაც მიწვეული არიან მაღალი რანგის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და დიპლომატები.
როგორც პრესსპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვედრას გამართავს ლოს-ანჯელესის მერთან და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.
მანანა მანჯგალაძემ ჩიკაგოს სამიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ იგი ძალზე მნიშვნელოვანი იყო, მით უფრო, რომ ბუქარესტის სამიტზე არ ყოფილა დასახელებული ალიანსის გაფართოების კონკრეტული მექანიზმები, ჩიკაგოს სამიტზე კი, ის ამოცანები დასახელდა, რომელთა საშუალებითაც საქართველოს შესაძლებლობა ექნება ნატოს წევრი გახდეს.
მანჯგალაძის განმარტებით, ჩიკაგოში ითქვა, რომ მომავალი სამიტი გაფართოების იქნება, საქართველო კი - აქტიურად იყო ჩართული იმ შეხვედრებში, რაც სამიტის ფარგლებში მიმდინარეობდა.
„საქართველო იყო ერთადერთი არაწევრი ქვეყანა, რომელიც სამიტის სამივე ფორმატით გამართულ შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ თავად ნატო-ს გენმდივანმა ისაუბრა სამიტის დასრულების შემდეგ და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოსა და ნატოს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“ - აღნიშნა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, ეს სამიტზე მიღებულ დეკლარაციაშიც აღინიშნა. 65 პუნქტიანი დეკლარაციიდან, 3 პუნქტი უშუალოდ საქართველოს ეხება და მასში ჩაიწერა, რომ საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა.



ბეჭდვა