საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, დღეს საქართველოს კონტროლის პალატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრას გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ კონტროლის პალატადან აცნობეს, შეხვედრაზე თემას - „პოლიტიკური დაფინანსების მეთოდოლოგიის გზამკვლევი“ განიხილავენ.
აღნიშნული დოკუმენტის მიზანია პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროში კონტროლის პალატის საქმიანობის მეთოდოლოგია დეტალურად გაიწეროს, რათა პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდეს.
მეთოდოლოგიის დოკუმენტის განხილვაში გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო კომისიის პარტიებისა და არჩევნების დაფინანსების სამსახურის დირექტორი ლიზა კლეინი მიიღებს მონაწილეობას.
ბრიტანელმა ექსპერტმა გუშინ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებისთვის თემაზე - „პარტიების ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პროცესში დარღვევების გამოვლენა და მათი პრევენცია“ ტრენინგი ჩაატარა.
სამუშაო შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ჩატარდება.
