ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება შესთავაზა.
ბაღათურიამ დეპუტატებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ ინიციატივას და ხელი მოაწერონ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებისადმი შესაბამის მიმართვას, რომლებმაც იმპიჩმენტის დაწყების საფუძვლებთან დაკავშირებით დასკვნა უნდა წარმოადგინონ.
„პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა მაშინ, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს მნიშვნელოვანი ტერიტორია – დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, დაიკავეს და როდესაც დედაქალაქსა და რეგიონებში სტიქიური უბედურება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროს აღმოჩნდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარსარდალი ჯერ სლოვენიაში და შემდეგ უკვე მილანში ერთობოდა“ – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ეს იმპიჩმენტის დასაწყებად საკმარისი საფუძველია.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა ბაღათურიას განცხადებას პროვოკაციული და ისტორიულ პროცესებს აცდენილი უწოდა.
„დავით გარეჯის საკითხი პრინციპის დონეზე გადაწყეტილია, თუმცა, საჭიროა ტექნიკური საკითხების მოგვარება. ისტორიული პროცესი ერთია, მაგრამ ჯონდის განცხადებები ყოველთვის აცდენილია ამ პროცესებს. ეს არის ორ მოძმე და პარტნიორ ერს შორის მოლაპარაკება“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი ცდილობს შუღლი ჩამოაგდოს მეგობარ და მოკავშირე სახელმწიფოებს შორის, რაც მისივე თქმით, რუსეთის ინტერესებს ემსახურება.
