„ახალი მემარჯვენეები“ ჟურნალისტზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ
„ახალი მემარჯვენეები“ ჟურნალისტზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ
11:53 22.05.2012
პარტია „ახალი მემარჯვენეები“ თიანეთში ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე პოლიციის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს გმობენ.  ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეები“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, სამწუხაროა, რომ ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები.
„კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი აქტიური ჟურნალისტია. იგი აქტიურად და ოპერატიულად აშუქებს რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს, არსებულ პრობლემურ საკითხებსა და მწვავე თემებს, ობიექტურ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას“ - ნათქვამია განცხადებაში.
„ახალი მემარჯვენეები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეახსენებენ, რომ ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეთ, რადგან მათი პროფესიოული საქმიანობა ხელშეუხებელია.
„მივმართავთ გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ობიექტურად და დროულად გამოიძიონ ჟურნალისტ გელა მთივლიშილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი და ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პოლიციის მაღალჩინოსნების მიმართ კანონით გათვალისწინებული ქმედებები გაატარონ“ - აღნიშნულია „მემარჯვენეების“ განცხადებაში.
მთივლიშვილი 20 მაისს, თიანეთში პოლიციის შენობის გადაღებისას დააკავეს. როგორც მთივლიშვილმა განაცხადა, პოლიციის შენობაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც მისი საავადმყოფოში მოთავსება გახდა აუცილებელი.

ბეჭდვა