მთავარი პროკურატურის მონაცემებით, საქართველოში ნარკოდანაშაულის რაოდენობა 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა.
საქართველოში ნარკოტიკული ვითარების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია მთავარმა პროკურატურამ დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართა.
კვლევების თანახმად, ნარკოდანაშაულის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და 32%-ით ნაკლები ნარკოდანაშაულია აღრიცხული. მიუხედავად ამისა, სოციოლოგიური კვლევისას გამოკითხულთა 33% ნარკომანიას საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს.
როგორც კვლევამ ასევე აჩვენა, "მძიმე ნარკოტიკული საშუალებების" შავ ბაზარზე უკანონო ბრუნვაც შემცირდა. ამის გამო ისეთი ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური საშუალებების უკანონო მოხმარება გაიზარდა, რომელთა ხელმისაწვდომობა არ არის დამოკიდებული უკანონო იმპორტზე ("მარიხუანა", "კოდეინის" შემცველი ტაბლეტები, ამფეტამინის და მეტამფეტამინის შემცველი წამლები, ფსიქოაქტიური ნივთიერებები).
კვლევის შედეგების მიხედვით, ნარკომომხმარებელთა ასაკი უფრო ხანდაზმული გახდა. ნარკომომხმარებელთა ასაკობრივი ჯგუფების ანალიზიდან ირკვევა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ახალგაზრდა ასაკის პირთა რაოდენობა მცირდება.
პრეზენტაცია საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ გახსნა, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაცია კი მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ წარადგინა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო და პედაგოგიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
