„ღია დემოკრატიის კომიტეტის“ საერთაშორისო დამკვირვებლები მამუკა ქარდავას შეხვდნენ
„ღია დემოკრატიის კომიტეტის“ საერთაშორისო დამკვირვებლები მამუკა ქარდავას შეხვდნენ
11:05 22.05.2012
ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ საერთაშორისო დამკვირვებლები რონ კიჩი და დანილო სპოლსკი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის შტაბის უფროსს მამუკა ქარდავას შეხვდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ღია დემოკრატიის კომიტეტიდან“ აცნობეს, მამუკა ქარდავა დამკვირვებლებს მასზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე ესაუბრა.
ქარდავას თქმით, თავდამსხმელებმა რამდენიმეჯერ გაიმეორეს მუქარა - „მოგკლავთ თუ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ აქტიურობას“ არ შეწყვეტ“.
„მოახლოებული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, თავად ინციდენტი - სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლა, უაღრესად დამაფიქრებელია. ასეთი ტიპის ინცინდენტები საქართველოში არჩევნების დროს ადრეც მომხდარა, მაგრამ მათი არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე დაწყება ჩვენს შეშფოთებას ამძაფრებს“ - განაცხადა რონ კიჩიმ.
„ღია დემოკრატიის კომიტეტი“ როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალულ ხელისუფლებას აღნიშნული ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელს მამუკა ქარდავას თავს დაესხნენ. ამის შესახებ განცხადება კოალიციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

მათი განმარტებით, თავდასხმა 20 მაისს, ღამით 00.45 წუთზე, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის სარკინიგზო გადასასვლეთან მოხდა. ქარდავას თავს 4 დაუდგენელი პირი მაშინ დაესხა, როცა მან სარკინიგზო გადასასვლეთან ავტომობილი წინ მდგომი მანქანის გამო გააჩერა.

ბეჭდვა