მიხეილ სააკაშვილმა ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის პრეზიდენტთან და დანიის პრემიერ-მინისტრთან გამართა
მიხეილ სააკაშვილმა ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის პრეზიდენტთან და დანიის პრემიერ-მინისტრთან გამართა
09:34 22.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ჩიკაგოში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის პრეზიდენტთან როსენ პლევნელიევთან  და დანიის პრემიერ-მინისტრთან ჰელე ტორნინგ შმიდტთან გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოლაპარაკების მთავარი თემა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები იყო.
როსენ პლევნელიევის განცხადებით, ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით საქართველოს ძალისხმევას მიესალმება.
„საქართველოსთან დიდი მეგობრობა და საერთო ინტერესები გვაკავშირებს. მალე ვეწვევით თქვენს ქვეყანას და განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით, ბულგარეთში მიხეილ სააკაშვილსაც ველოდებით. განწყობა ძალიან ოპტიმისტური გვაქვს და მხარს ვუჭერთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა.
საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა დანიის პრემიერ-მინისტრმაც. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ნატო-ს წევრობის რეალური კანდიდატია და საქართველოს პრეზიდენტს ამ მხრივ მიღწეული პროგრესის შესახებ ესაუბრა.
„შეხვედრა მეტად ნაყოფიერი იყო. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მისწრაფებაზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მივესალმებით პროგრესს, რომელიც ამ მხრივ შეინიშნება. ვფიქრობ, მომავალი სამიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ყველას გვაქვს ინფორმაცია ქვეყანაში მიღწეული წარმატებების შესახებ. საქართველო ნატო-ს წევრობის რეალური კანდიდატია“- აღნიშნა ჰელე ტორნინგ შმიდტმა მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

ბეჭდვა