საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
09:30 22.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ჩიკაგოს ნატო-ს სამიტზე გენერალური მდივნის პირადი მიწვევით იმყოფებოდა, სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორდღიანი სამიტის ფარგლებში, საქართველო ყველა ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობდა და წარმოდგენილი იყო ISAF-ის ფორმატის შეხვედრაზე ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სახელმწიფოებთან ერთად. ასევე, ნატო-ს მომავალ წევრებთან და ძირითად პარტნიორებთან შეხვედრაზე, რომელზეც საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან.
ქართული მხარე წელს პირველად დაესწრო ISAF-ის ფორმატის შეხვედრას, რომელშიც ნატოსა და ISAF-ის პარტნიორი ქვეყნების 60-მდე ლიდერი მონაწილეობდა.
ნატო-ს 28 წევრი სახელმწიფოსა და ოთხი პარტნიორი ქვეყნის შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს დაუთმო. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.
სახელმწიფო მდივანმა ქართულ მხარეს ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, დადებითად შეაფასა ქვეყანაში განხოციელებული დემოკრატიული რეფორმები და აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს დემოკრატიულ ღირებულებებს სრულად იზიარებს.
საქართველოსა და ასპირანტი ქვეყნების სამიტის მუშაობაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე საკუთარ გამოსვლაში ყურადღება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველო, მაკედონია და მონტენეგრო ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფვიან.

ბეჭდვა