"ქართულ ოცნებაში" "ხალხის პარტიიდან" და "კონსერვატორებიდან" მხოლოდ კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძგური გაწევრიანდნენ
"ქართულ ოცნებაში" "ხალხის პარტიიდან" და "კონსერვატორებიდან" მხოლოდ კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძგური გაწევრიანდნენ
13:23 21.02.2012
პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" "ხალხის პარტიიდან" და "კონსერვატიული პარტიიდან" მხოლოდ კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძგური გაწევრიანდნენ.
როგორც კოალიციის პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხდა, დავითაშვილი და ძიძიგური კოალიციას საკუთარი რესურსებით მთლიანად მოემსახურებიან. ძიძიგური არის ასევე კოალიციის პოლიტიკური საბჭოს წევრი.
"ქართული ოცნების" პოლიტიკურ საბჭოს ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს, ნოდარ ხადური კი აღმასრულებელი მდივანი იქნება. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ასევე დავით ბერძენიშვილი და ალექსანდრე პეტრიაშვილი. ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკურ საბჭოში ვაკანტური ადგილებიც არის და მათი შევსება შესაძლებელია.
ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, მარტის ბოლომდე პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბება მთლიანად დასრულდება, ხოლო აპრილში მუშაობის აქტიური ფაზა დაიწყება. მისი თქმით, "ქართულ ოცნებაში" შექმნილი ყველა ფრაქცია პირადად მივა თითოეულ მოქალაქესთან, ხოლო ოქტომბერში, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, "ერთად დაამარცხებენ არჩევნებში ხელისუფლებას და ხალხი ერთად აიხდენს ქართულ ოცნებას".
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "რედისონში" გაიმართა. პოლიტიკურ კოალიციაში გაერთიანებული პარტიები ბიძინა ივანიშვილმა თავად წარადგინა. კოალიციაში გაერთიანდნენ შემდეგი პარტიები: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი დემოკრატები" და "ეროვნული ფორუმი".
პრეზენტაციაზე ხელი მოეწერა ასევე პოლიტიკური კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციას, რომელშიც საუბარია 2012 წლის საპარალამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრების აუცილებლობაზე.

ბეჭდვა