უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოს საჯარო მოხელედ მუშაობის უფლება ექნებათ
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოს საჯარო მოხელედ მუშაობის უფლება ექნებათ
18:17 21.05.2012
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსის მქონე პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო მოხელედ შეუძლია იმუშაოს.

აღნიშნული წინადადება დღეს, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის სახით, მთავრობამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგინა.

„თავის დროზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირს სწავლის უფლებით სარგებლობის, სპორტულ ღონისძიებებში საქართველოს სახელით მონაწილეობისა და სხვა პრივილეგიები მივანიჭეთ. დღეს კი, მთავრობა შემოდის წინადადებით, რომ ამ ადამიანებს საჯარო სამსახურში გარკვეულ თანამდებობაზე მუშაობის უფლება ჰქონდეთ“ – განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის საპარალამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა.
მისი თქმით, საჯარო სამსახურში ამ პირთა დასაქმებისას გარკვეული კრიტერიუმები და პროცედურები იქნება გათვალისწინებული.
„მთელი რიგი პროცედურები გატარდება, დაწყებული უსაფრთხოების კუთხით, დამთავრებული იმით, რომ პირის წარმომავლობა ნამდვილად არის ქართული. კრიტერიუმად გათვალისწინებული იქნება ის, არის თუ არა მისი ინტერესი ქართული სახელმწიფოს განვითარება და წინსვლა“ – აღნიშნა ხუროშვილმა.
ეს საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონებში ცვლილებების გატარებას.
კერძოდ, ინიციატივის განმარტებაში აღნიშნულია, რომ შესაძლებელი ხდება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ქმედუნარიანი პირის, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს სახელმწიფო ენას, სახელმწიფო მოხელედ მიღება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა პოლიტიკური თანამდებობისა.
საკანონმდებლო ინიციატივა დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგინეს, რასაც კომიტეტებში განხილვა მოჰყვება.

ბეჭდვა