„სახალხო კრება“ გაერთიანებაში შემავალ პოლიტიკურ ძალებს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ერთობის შესაქმნელად კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ საუბარია ,,სახალხო კრების“ გაფართოებული შეხვედრის შედეგად მიღებულ მიმართვაში.
,,სახალხო კრების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2012 წელს ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან გაირკვევა - დარჩება არსებული რეჟიმი, მოხდება მისი ჩანაცვლება თუ გაიმარჯვებს საღი აზრი და ეროვნული თვითშეგნება.
მიმართვაში ნათქვამია, რომ საქართველოში უნდა აღმოიფხვრას სისტემა, რომელიც ძალაუფლებას ისაკუთრებს და ქართველი ხალხის ინტერესებს თავის ნებაზე წარმართავს.
,,სახალხო კრების“ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ კონკურენცია, შეჯიბრი და ხელისუფლების კონტროლია ქვეყნის განვითარების საწინდარი.
,,ჩვენი სამშობლოსთვის ამ გადამწყვეტ ეტაპზე ,,სახალხო კრება“ მთელ თავის ძალისხმევას მიმართავს იმისკენ, რომ არსებულ უმძიმეს საარჩევნო გარემოში, რეალურმა ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეთა მაქსიმალური მხარდაჭერა და მიღებული ხმების დათვლა შეძლოს“ - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ,,სახალხო კრება“ საზოგადოებრივი დამკვირვებლის ფუნქციას ითავებს და იბრძოლებს იმისთვის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას გაყალბების ყველა მცდელობა აღიკვეთოს.
,,სახალხო კრებაში“ აცხადებენ, რომ ვინაიდან, ამ ეტაპზე ოპოზიციურ ძალთა ერთიან ფრონტად ჩამოყალიბება ვერ ხერხდება, სასურველია საარჩევნო სუბიექტებს შორის წარმოდგენილი იყოს, ყველა მსოფლმხედველობის პოლიტკური ძალა და არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა.
გარდა, წინასაარჩევნო პოლიტიკური ერთობის შექმნისა ,,სახალხო კრება“ მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ ძალას შეთანხმება მოხდეს იმ ძირთად პრინციპებზე, რომელზეც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა აიგოს და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მუდმივმოქმედი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნას.
მიმართვის მიხედვით, საბჭოს უმთავრესი ამოცანა იქნება საერთო ძალისხმევით ოპოზიციონერი აქტივისტების დევნის პრევენცია, პოლიტიკური პატიმრების პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა, მჭიდრო კოორდინაცია საერთაშორისო მისიებთან, სტრატეგიული მნიშვნელობის ღონისძიებებისა და აქტივობების შეჯერება, ასევე გამოირიცხოს რეალური ოპოზიციური ძალების ურთიერთდაპირისპირება, გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა სამიზნედ იქცეს მხოლოდ არსებული რეჟიმი.
,,სახალხო კრებაში“ მიაჩნიათ, რომ ეს არის ოპოზიციური ძალების გამარჯვების აუცილებელი პირობა, რათა სხვადასხვა ოპოზიციური ფლანგის ძალისხმევა ეფექტურად იქნას გამოყენებული საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების დასამარცხებლად და ჯანსაღი ოპოზიციური ძალების გასამარჯვებლად.
,,სახალხო კრების“ გაფართოებული შეხვედრა უკვე დასრულდა. შეხვედრას 2011 წლის 21-26 მაისის აქციების მონაწილეები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
