თბილისის იუსტიციის სახლი 2012 წლის შემოდგომაზე გაიხსნება. მანამდე კი იუსტიციის სახლის მენეჯერის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა.
ამ საკითხზე დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძემ ბრიფინგი გამართა და კონკურსის დეტალებზე ისაუბრა. ვაშაძის თქმით, კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.
განცხადების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს, რამდენიმე სახის ტესტირებისა და გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, პრაქტიკული დავალებები დაურიგდებათ, საუკეთესო პროექტის ავტორი კი კონკურსის გამარჯვებული გახდება და თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერის ვაკანსიაზე დაინიშნება.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, თბილისის იუსტიციის სახლში თავმოყრილი იქნება სახელმწიფო და კერძო სერვისები, რომელიც მომხმარებელს მარტი, სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას გაუწევს.
იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდი - იუსტიციის სახლი უკვე ფუნქციონირებს საქართველოს 4 ქალაქში - ბათუმში, რუსთავში მესტიასა და ქუთაისში. 2012 წელს იგეგმება იუსტიციის სახლის გახსნა საქართველოს კიდევ 9 ქალაქში. მათგან ყველაზე დიდი და მასშტაბური თბილისის იუსტიციის სახლი იქნება.
