საქართველოს საკონსულოების ფუნქციები იზრდება
საქართველოს საკონსულოების ფუნქციები იზრდება
17:03 21.05.2012
საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოთა მომსახურების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მათ ცალკეული სანოტარო ფუნქციები მიენიჭებათ და როგორც ლეგალურად, ისე არალეგალურად მყოფ მოქალაქეებს მოემსახურებიან.  ამის თაობაზე დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა.

აღნიშნულ ცვლილებებს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს.

როგორც ხუროშვილმა აღნიშნა, საკონსულოების ფუნქციები შესაბამისობაში მოვა როგორც საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან ისე შიდა კანონმდებლობასთან.

„საკონსულოების საქმიანობა გაცილებით ეფექტური უნდა გახდეს. ისინი მოემსახურებიან არა მხოლოდ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ უცხოელებს, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლა სურთ“ – განაცხადა საპარლამენტო მდივანმა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ საკონსულო სახელმწიფოს წარმომადგენლობაა და მიუხედავად იმისა, რა სტატუსით იმყოფებიან ისინი საზღვარგარეთ, ლეგალური თუ არალეგალური, საკონსულო ვალდებულია მათ კანონის ფარგლებში დაეხმაროს.

„ამ ინიციატივით საკონსულოებზე მთელი რიგი სანოტარო მოქმედებების დელეგირება მოხდება, რაც ხშირად ჩვენი თანამოქალაქეებისთვის პრობლემა იყო. გვარის ან სახელის შეცვლასთან დაკავშირებული, მინდობილობის გაფორმების საკითხები და სხვა ძალიან სწრაფად მოგვარდება. ხშირად ამ დოკუმენტების გასაცემად ელექტრონულ ფორმატს გამოვიყენებთ. გარდა ამისა, საკონსულოები მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი ხასიათის დახმარებას გაუწევენ“ – განაცახდა ხუროშვილმა.

მისი თქმით, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრო საკონსულოების მიერ ამ ამოცანების სრულყოფილად შესრულების მიზნით, მთელ რიგ ინსტრუქციებს და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

ბეჭდვა