ნატო-ს დეკლარაციაში საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე ალიანსის მკაფიო პოზიციაა დაფიქსირებული. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
,,ეს დოკუმენტი მსოფლიო თანამეგობრობის ყველაზე დემოკრატიული და განვითარებული ნაწილის პოზიციას გამოხატავს. დოკუმენტში, ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველოს პროგრესი და მიღწევებია დაფიქსირებული. ასევე, დეკლარირებულია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება და მასში მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“ - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ამასთან, დეკლარაცია შეიცავს რუსეთისადმი მოწოდებას იმის თაობაზე, რომ მან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე უარი განაცხადოს.
სპიკერის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სამიტი ალიანსის გაფართოებას არ ითვალისწინებდა, ამ სამიტის შედეგად, საქართველო ბევრად უფრო დაუახლოვდა ნატო-ს, ვიდრე 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე.
ბაქრაძის განცხადებით, 2008 წელს, როდესაც ალიანსმა დააფიქსირა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდებოდა, იქ კონკრეტული მექანიზმი არ იყო გაწერილი.
„დღეს, რაც ჩიკაგოში ხდება არის ის, რომ საქართველო ამ დროში ამოვარდნილი კონტექსტიდან სრულიად კონკრეტულ კონტექსტში გადავიდა. კერძოდ, საქართველო განიხილება იმ ქვეყნების რიცხვში რომლებსაც პირველივე გაფართოების ტალღისას შესაძლებლობა ექნებათ ალიანსის წევრები გახდნენ“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბაქრაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო დაჯგუფებულია დასავლეთ ბალკანეთის სამ სახელმწიფოსთან და, რომ ასპირანტი სახელმწიფოა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ჩიკაგოს სამიტი თავისი პოლიტიკური დატვირთვით და მნიშვნელობით გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ერთი ცალკეული დოკუმენტი და დეკლარაცია.
