სახალხო დამცველი მთავარი პროკურორისგან დუშეთის რაიონის გამგეობის დაცვის პოლიციის თანამშრომელთა მიერ სტუდია „ჯი-ენ-ესის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორცილებაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
როგორც სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის მიერ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ომბუდსმენისთვის მიცემული ახსნა-განმარტებების თანახმად, ზურაბ პატარიძე და ბელა ზაქაიძე 11 მაისს დუშეთის რაიონის გამგებელთან გასაუბრების მიზნით, გამგეობის შენობასთან მივიდნენ. ოპერატორმა, ჟურნალისტის თხოვნით, 20-30 მეტრის რადიუსიდან გამგეობის შენობის კადრების გადაღება სცადა, რასაც დაცვის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან აგრესია მოჰყვა. კერძოდ, მათ ზურაბ პატარიძეს გადაღება აუკრძალეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
„აღნიშნული დასტურდება ჩვენს ხელთ არსებული ვიდეო მასალით, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ უშლიან დაცვის პოლიციის თანამშრომლები ზურაბ პატარიძესა და ბელა ზაქაიძეს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელს“-ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენი 20 მაისს ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისთვის თავისუფლების შეზღუდვისა და მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტსაც სწავლობს.
ტუღუშის განმარტებით, მისი წარმომადგენლები საქმის შესწავლის მიზნით დაბა თიანეთში იმყოფებოდნენ, სადაც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ თიანეთის ოფისის წევრ რუსუდან სისაურს და ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს შეხვდნენ და ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს.
მათ ჟურნალისტმა განუმარტა, რომ პოლიციის შენობაში მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. „ჯეო ჰოსპიტალსის“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მთივლიშვილს თხემის მიდამოს დაჟეჟილობა აღენიშნება.
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ბოლო დროს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და შეურაცხყოფის ფაქტებმა იმატა, რასაც ტუღუში შემაშფოთებელს უწოდებს.
„სამწუხაროა ის გარემოებაც, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არცერთ მსგავს ფაქტს ჯერჯერობით სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია“-აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს და მედიის წარმომადგენელთა ფიზიკური უსაფრთხოებისა და მათი პროფესიული საქმიანობისათვის სათანადო გარემოს შექმნის მიზნით, სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.
