„სახალხო კრებაში“ გაერთიანებულმა პარტიებმა შესაძლოა, საარჩევნო ბლოკი შექმნან
„სახალხო კრებაში“ გაერთიანებულმა პარტიებმა შესაძლოა, საარჩევნო ბლოკი შექმნან
15:33 21.05.2012
„სახალხო კრებაში“ გაერთიანებულმა პარტიებმა შესაძლოა, საარჩევნო ბლოკი შექმნან. ამის შესახებ „სახალხო კრების“ გაფართოებულ შეხვედრაზე კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნონა გაფრინდაშვილმა ისაუბრა.

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ბლოკის შექმნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საბოლოო პოზიცია არ ჩამოყალიბებულა და აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციები გაიმართება.

„არცერთი ნეიტრალური ხმა არ უნდა დაიკარგოს, ვგულისმობ მათ, ვისაც არ მოსწონს მოქმედი ხელისუფლება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, არც სხვა ოპოზიციურ პარტიებს უჭერენ მხარს“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მოქმედი რეჟიმის შესაცვლელად ერთიანი ოპოზიციური ფრონტი ერთადერთი შესაძლებლობა იყო, მაგრამ რადგან მსგავსი ფრონტის ჩამოყალიბება ვერ შედგა, ის მაინც უნდა მოხდეს, რომ ამომრჩევლის ყველა სეგმენტი დაიფაროს.

ბურჯანაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დეკლარაციას მიიღებენ, რომელშიც კრების სამომავლო ბრძოლის პრინციპები აისახება.

იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ბრძოლა არა ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, განხორციელდება კოორდინირებული ქმედებები იმისთვის, რათა არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს და ქვეყანას ღირსეული მომავლის შესაძლებლობა გაუჩნდეს.

ბეჭდვა