პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, სიების დაზუსტების უზრულველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე კომისიისადმი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ უნდობლობას, პოლიტიკურ პოზად მიიჩნევს.
როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას არ აწყობს, რომ „ახალმა მემარჯვენეებმა“ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით რაიმე სახის დადებითი იმპულსები გააჩინოს. კაციტაძის შეფასებით, მათი პოზიცია სწორედ ამითაა განპირობებული.
„აქ შიშველ უნდობლობაზეა საუბარი. არავინ ამბობს, რატომ არ ენდობიან კომისიას - მეთოდოლოგია არ მოსწონთ, რეგისტრატორები, ტრენინგი თუ რეზულტატი არ აკმაყოფილებთ“ - აღნიშნა მან.
კაციტაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ „საკუთარ თავში გაიხლართა“, რადგან თავისივე პარტნიორებს არ ენდობა.
„მრეწველები“ პირველივე დღიდან კომისიის წევრები არიან და ამავდროულად „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენელი ნაწილია. ვერ გავიგე, რომელ უნდობლობაზეა საუბარი - ისინი კომისიას და მამუკა კაციტაძეს არ ენდობიან თუ ერთამანეთს?“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ შეფასებები პოლიტიკური მოტივებით ზედმეტადაა გაჯერებული.
კაციტაძის განცხადებით, ყველას, ვინც სიების გადამოწმების კომისიას არ ენდობა, შეუძლია „კარდაკარი“ პარალელურად ჩაატაროს და ის მზადაა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მათ მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია ასახოს.
