„სახალხო კრება“, მიწვევის შემთხვევაში, 27 მაისის აქციას შეუერთდება
„სახალხო კრება“, მიწვევის შემთხვევაში, 27 მაისის აქციას შეუერთდება
14:58 21.05.2012
„სახალხო კრება“, მიწვევის შემთხვევაში, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 27 მაისს დაგეგმილ აქციას დაესწრება.

როგორც „შერატონ მეტეხი პალასში“ ჟურნალისტებს „სახალხო კრების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნონა გაფრინდაშვილმა განუცხადა, 27-ში „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას იწყებს, მაგრამ, თუ კოალიცია განაცხადებს, რომ ეს არ არის მხოლოდ საარჩევნო კამპანია და „სახალხო კრებას“ მასში მონაწილეობას შესთავაზებს, ისინი აქციას შეუერთდებიან.

„თუ ისინი შემოგვთავაზებენ და ეს არ იქნება მხოლოდ მათი წინა საარჩევნო კამპანიის დასაწყისი, მაშინ დავესწრებით, მაგრამ სხვა შემთხვევაში, არ გვინდა ვინმესთან „მიტმასნებული“ ვიყოთ“-განაცხადა გაფრინდაშვილმა.

მისი თქმით, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც „სახალხო კრება“ მომავალში გადადგამს, მიმართული იქნება მხოლოდ ხელისუფლების და არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

„ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც რეჟიმს ებრძვის, კოალიციაც ის ძალაა, რომელიც მოქმედ რეჟიმს უპირისპირდება. ამიტომ, ჩვენი ყველა ქმედება, რომელიც მომავალში დაიგეგმება მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული“-აღნიშნა გაფრინდაშვილმა.
სასტუმრო „შერატონში“ „სახალხო კრება“ გაფართოებულ შეხვედრას მართავს, რომელსაც 2011 წლის 21-26 მაისის აქციის მონაწილეები, მედიასაშუალებებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ესწრებიან.

ბეჭდვა