ოპოზიციონერი დეპუტატი, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე მიესალმება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ლორთქიფანიძე შესაძლოა, მისი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წევრი გახდეს.
„მივესალმები ბატონი ბიძინას აღნიშნულ განცხადებას. მასთან თანამშრომლობის მზადყოფნა ჯერ კიდევ 8 ოქტომბერს, მისი ქართულ პოლიტიკაში გამოჩენის მეორე დღეს გამოვთქვი“ – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს დეპუტატმა.
მისი თქმით, ფრაქციის ფორმატში მას ივანიშვილთან შეხვედრა უკვე ჰქონდა და სამართლის თემატურ ჯგუფშიც მუშაობს.
„პარტიის წევრობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჩემი როლი და ადგილი როგორც პოლიტიკურ გაერთიანებაში, ისე კოალიციაში მნიშვნელოვანი განხილვის საგანი იქნება“ - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილის მიერ გამოთქმული ნდობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
ქართული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ არავის დატოვებს უყურადღებოდ, რადგან ჯანსაღი ძალების მაქსიმალურად კონსოლიდაცია სურს და ამასთანავე აღნიშნა, რომ შესაძლოა, მისი პარტიის რიგებს დიმიტრი ლორთქიფანიძე შეუერთდეს.
