საქართველოს საგარეო უწყება ნატო-ს სამიტის რეზოლუციის წინასწარ ტექსტს დადებითად აფასებს
საქართველოს საგარეო უწყება ნატო-ს სამიტის რეზოლუციის წინასწარ ტექსტს დადებითად აფასებს
12:52 21.05.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის რეზოლუციის წინასწარ ტექსტს დადებითად აფასებს.  ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ვაშაკიძემ აღნიშნა, რეზოლუციის ტექსტი იმ სასიკეთო რეალობას ასახავს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს შემდგომ წინსვლასთან ალიანსში ინტეგრაციის გზაზე.
„უაღესად მნიშვნელოვანია საქართველოს კონკრეტული და პრაქტიკული წვლილი სამშვიდობო ოპერაციებში და ეს ყველაფერი დეკლარაციაში აისახება“ - განაცხადა ვაშაკიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამიტის ფარგლებში დღეს სამი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება - ნატო-ს ძირითად პარტნიორებთან, ასპირანტ ქვეყნებთან და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სახელმწიფოებთან.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო სამივე მათგანში მიიღებს მონაწილეობას.
„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და ადასტურებს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ევროპული ინტეგრაციისადმი“ - აღნიშნა ვაშაკიძემ.
ნატოს სამიტი ჩიკაგოში გუშინ გაიხსნა და დღეს დასრულდება.

ბეჭდვა