საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე "ქრისტიან-დემოკრატ" ლევან ვეფხვაძისგან მოითხოვს,
ან დაასახელოს მისი ფრაქციის რომელმა წევრმა სცადა უმცირესობის წევრის მოსყიდვა, ან გაკეთებულ განცხადებაზე საჯაროდ ბოდიში მოიხადოს.
დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, თუ ვეფხვაძე არ იტყვის, ვინ ვის შესთავაზა ფული და რის სანაცვლოდ, დანაშაულის დაფარვის გამო, თავადაც დანაშაულის ჩამდენი ხდება.
"ქრისტიან–დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე კი არ აკონკრეტებს იმ დეპუტატის ვინაობას, ვისაც ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრები უმცირესობიდან წასვლის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ. "თვითონ ძალიან კარგად იციან, ვის რას სთავაზობდნენ. უხერხულია, გვარებს მე ვერ დავასახელებ, რადგან ეს შემდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდება. ნამდვილად არ მინდა, რომელიმე ჩემი კოლეგა ციხეში წავიდეს" , – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ლევან ვეფხვაძემ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ გუშინ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იკამათეს. ვეფხვაძემ ლორთქიფანიძეს წამოაძახა, რომ მისი ფრაქციის წევრები "უმცირესობის წევრებს დასდევდნენ და ფულს სთავაზობდნენ".
