„ქართული ოცნება“ ტელეფონის საშუალებით მომხრეთა აქციაზე მიწვევას უარყოფს
„ქართული ოცნება“ ტელეფონის საშუალებით მომხრეთა აქციაზე მიწვევას უარყოფს
12:45 21.05.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიციის დავალებით, მოქალაქეებს ტელეფონით უკავშირდებიან და 27 მაისის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
„არავითარი ტელეფონების წიგნებით არ ხდება ხალხთან დარეკვა და მათი აქციაზე მოყვანა. რასაკვირველია, აქციაზე მოსვლისკენ ხალხს „ფეისბუქის“ და იმ სატელევიზიო არხების საშუალებით მოვუწოდეთ, რომლებსაც არ ეშინიათ ამ მოწოდებების გავრცელების. მიმაჩნია, რომ ამ ამბავს არავითარი დამატებითი მოწოდება არ სჭირდება“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი განმარტებით, რამდენიმე გაზეთში უკვე ჩაიდო ე.წ ფლაერი, რომელშიც არის მოწოდება 27 მაისის აქციასთან დაკავშირებით და ასევე, სპეციალური გრაფა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი ოცნების ჩაწერა. ფლაერები 27 მაისს სპეციალურ ყუთებში ჩაიყრება.
„სავსებით შესაძლებებლია, 27 მაისის აქციით ვინმე სარგებლობდეს და სპეციალურად რეკავდეს იმ ხალხთან, რომლებიც არ არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. ჩვენმა მომხრეებმა, რომლებმაც საკუთარი კონტაქტები დატოვეს, გვთხოვეს დავუკავშირდეთ და ინფორმაცია მივაწოდოთ. რაც ვფიქრობ, სავსებით ლეგიტიმურია“ - განაცხადა პრესსპიკერმა და არ გამორიცხა, რომ, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ მომხრეები საკუთარი ინიციატივით ურეკავენ ერთმანეთს და აქციის შესახებ შეახსენებენ.

ბეჭდვა