ვაშაკიძე - გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე შესვლას და ძეგლის დათვალიერებას საქართველოს მოქალაქეები ძველებურად შეძლებენ
ვაშაკიძე - გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე შესვლას და ძეგლის დათვალიერებას საქართველოს მოქალაქეები ძველებურად შეძლებენ
12:33 21.05.2012
საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმებით, დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე შესვლას და  ძეგლის დათვალიერებას საქართველოს მოქალაქეები ძველებურად შეძლებენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაკიძის თქმით, ეს საკითხი მხოლოდ ერთი ნაწილია იმ კომპლექსური თემისა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დელიმიტაციას ეხება.

მისივე თქმით, საზღვრის დელიმიტაციის ამოსავალ პრინციპად საბჭოთა დროის ადმინისტრაციული საზღვარია აღებული, რომლის თანახმად, ძეგლის 98% საქართველოს ტერიტორიაზეა, თუმცა, არის გარკვეული მონაკვეთი, სადაც ამ კუთხით პრობლემაა.

ვაშაკიძის განცხადებით, საკითხი საბოლოოდ მაშინ გადაწყდება, როდესაც საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულდება.

„ეს რა თქმა უნდა იოლი და სწრაფი პროცესი არ არის, რასაც პრაქტიკა და რეალობაც ადასტურებს. ფაქიზი თემაა, როგორც საქართველოს ისე აზერბაიჯანისთვის, თუმცა, ჩვენი ერთობლივი სურვილია საკითხი კონსტრუქციულად და ორმხრივი მეგობრობის გათვალისწინებით გადაწყდეს“ - აღნიშნა მან.

ვაშაკიძის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი შეთნხმდნენ, რომ საზღვრის დელიმიტაციამდე ყველაფერი გაკეთდეს პრობლემის ყოველგვარი გართულებისა და პოლიტიკური აჟიოტაჟის გარეშე მოგვარებისთვის.

რაც შეეხება სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიას, მინისტრის მოადგილის თქმით, ის ყოველ წელს იკრიბება, თუმცა, წელს სხდომა ჯერ არ გამართულა.

ვაშაკიძემ იმედი გამოთქვა, რომ კომისია, უახლოეს მომავალში აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმების შემდეგ შეიკრიბება.

ბეჭდვა