„ქართული ოცნება“ სახალხო დამცველს ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ცემის ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
„ქართული ოცნება“ სახალხო დამცველს ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ცემის ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
12:27 21.05.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო საზოგადოებას ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ცემის ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.  ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია აღნიშნულ ფაქტს სათანადო შეფასება მიეცეს და გამოძიებულ იქნას.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ჟურნალისტის დაკავებისა და მასზე ძალადობის ფაქტი მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლის აშკარა გამოხატულებაა, რაც მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, კოალიცია „ქართული ოცნება“ მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად დაიწყონ მომხდარზე გამოძიება და ობიექტურად შეისწავლონ აღნიშნული საქმე.
„ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა კოალიციის ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელზე მამუკა ქარდავაზე თავდასხმის ფაქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარდავა პოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს.
მისივე განცხადებით, მსგავსი ქმედებებით მოქმედი ხელისუფლების დასასრული ახლოვდება.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, 20 მაისის ღამეს, ხობში სოფელ ნოჯიხევის სარკინიგზო გადასასვლელთან, 4 დაუდგენელი პირი თავს დაესხა ქარდავას და სცემა. იგი მიყენებული ტრამვებით ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

ბეჭდვა