,,ქართული ოცნება“ გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული ყველა შეთანხმების გასაჯაროებას მოითხოვს
,,ქართული ოცნება“ გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული ყველა შეთანხმების გასაჯაროებას მოითხოვს
11:56 21.05.2012
პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნება“ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული ყველა შეთანხმების გასაჯაროებას მოითხოვს.  ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ,,ქართული ოცნება“ შეშფოთებულია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო შექმნილი სიტუაციით და ხელისუფლების წარმომადგენელთა უპასუხისმგებლო განცხადებებით.
ფანჯიკიძის განმარტებით, არც ქართველი და არც აზერბაიჯანელი მეცნიერების მხრიდან არ დასმულა საკითხი იმაზე, იყო თუ არა დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია, რადგან 20 წელზე მეტია ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი მიმდინარეობს.
„ქართული საზოგადოების სამართლიანი აღშფოთების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2007 წლის შემდეგ, ეს პროცესი ერთი ნაბიჯითაც არ წაწეულა წინ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საზღვრის მხოლოდ 66%-ია დადგენილი“- აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, იმ ფონზე როცა, საზღვრების შეთანხმება არ მომხდარა, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ დავით გარეჯის მონასტრის ნაწილი სადაო არ არის და ის აზერბაიჯანის კუთვნილებაა, კულტურის მინისტრი კი ამტკიცებს, რომ უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანს ეკუთვნის 1994 წლის შეთანხმებით.
„ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან გამოაქვეყნოს 1994 წლის შეთანხმება, რომელშიც აღნიშნული იქნება ზემოთ მოყვანილი ფაქტი“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, კოალიცია იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანი პატივს სცემს ქართული საზოგადოების ეროვნულ-რელიგიურ გრძნობებს და დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას გადაწყვეტს.
როგორც, მან აღნიშნა, გასული შაბათ-კვირის განმავლობაში, კოალიციამ აღნიშნულ საკითხზე უამრავი შეხვედრა გამართა.



ბეჭდვა